„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

ოცნება

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა. მმართველმა გუნდმა სასესიო კვირის განსახილველ საკითხებზეც იმსჯელა.

სამშაბათს, 17 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში განვითარებულ პროცესებს.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე კანონპროექტებზე და ინიციატივებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს რიგი საკანონმდებლო ცვლილებები.

მათ შორის, მმართველმა გუნდმა ისაუბრა პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა გაუქმდა, რომელიც შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით ჩანაცვლდება.

სხდომაზე ისაუბრეს განათლების რეფორმის შესახებაც, რომლის თანახმადაც გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში წავლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ.