პრემიერი 4 ოქტომბრის აქციაზე: თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებით შეიძლება ფონს გავიდნენ არავინ მისცემს ამის საშუალებას. უამრავი იდეა იხარშებოდა ოპოზიციაში, თუმცა ყოველ ჯერზე სამართალდამცველები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე

ირაკლი კობახიძე

თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის ამის საშუალებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტირებისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი ასეთი იდეა იხარშებოდა რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ყოველ ჯერზე სამართალდამცველი უწყებები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდნენ ასეთი პროვოკაციების განხორციელების საშუალებას.

„დღეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია, არის ერთ მუშტად შეკრული, შესაბამისად, ასეთი იდეები თუ აქვთ, ამ იდეებს არ უწერია განხორციელება. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ჩართულობას ამ საქმეში, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ასე უხეშად ეპყრობიან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკრაინული უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლები. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.