1758053825
Reuters: ევროკომისიამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ინდოეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას

ევროკომისიამ ოთხშაბათს გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ინდოეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, ტექნოლოგიები და ვაჭრობა, მიუხედავად იმ დაძაბულობისა, რომელიც ნიუ-დელის მოსკოვთან მჭიდრო კავშირებითაა გამოწვეული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირი და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და მიზნად ისახავენ მის დასრულებას წლის ბოლომდე.
მოლაპარაკებები, რომელიც 2022 წელს განახლდა, განსაკუთრებით გააქტიურდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ.
ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ფონზე, ორივე მხარემ დააჩქარა ახალი ალიანსების შექმნაზე მუშაობა. ბრიუსელისთვის ეს ნიშნავს მექსიკასთან, „მერკოსურთან“, ინდოეთთან და ინდონეზიასთან სავაჭრო შეთანხმებების დაგეგმვას, ხოლო ინდოეთი ევროკავშირის გარდა, პერსპექტივას ხედავს ჩინეთსა და რუსეთშიც.
ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები გაზარდა უკრაინაში 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ. გასულ თვეში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ხელი ჩამოართვა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჩინეთში გამართულ სამიტზე, ხოლო ინდოელმა ჯარისკაცებმა რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.
ამ ფაქტების საპასუხოდ, გასულ პარასკევს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს G7-ისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ტარიფები დაუწესონ ჩინეთს და ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აღიარა, რომ ევროკავშირსა და ინდოეთს შორის არსებობს „უთანხმოების მკაფიო სფეროები“, რაც ღრმა თანამშრომლობისთვის ხელისშემშლელია. თუმცა, მისი თქმით, ბლოკს არ სურს, რომ ინდოეთი „რუსეთის კუთხეში“ აღმოჩნდეს.
„საკითხავია, დავტოვებთ თუ არა ამ სიცარიელეს სხვის მიერ შესავსებად, თუ შევეცდებით, თავად შევავსოთ“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.