პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა პრემიერთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რომლითაც საქართველო ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზეა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად და ამ მიმართულებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაშიც დიდია ბიზნესის წვლილი, ვინაიდან სწორედ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერი ასევე შეეხო ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებს, დაბალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.

ბიზნესთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებზე. აღინიშნა, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველაფერი გაკეთდება კორუფციის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად. პრემიერის თქმით, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და საკადრო ცვლილებებშიც უპირატესობა კეთილსინდისიერებას ენიჭება.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, მათ შორის - მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობა, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, აგრეთვე მსხვილი შესყიდვების დეტალური კონტროლი, რასაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.