პოლოლიკაშვილი იქნება, თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, საქართველოს თუ არ მოემსახურებიან, საქართველო მათ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, პირიქით, დაბლოკავს - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ზურაბ პოლოლიკაშვილმა უკადრებელი იკადრა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. პოლოლიკაშვილი იქნება, თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს თუ არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით, დაბლოკავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თავის თავში უნდა ეძებოს პრობლემა ყველამ, ვინც არა საქართველოს, არამედ თავიანთ პატრონებს ემსახურება.

„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, მისი პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა. როცა აქეთ-იქით რეკავ და ცდილობ, ათასი ახლობელი  გამოძებნო, ხვეწნით და მუდარით მდინარაძესთან, კობახიძესთან, კალაძესთან და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, იხვეწები, რომ იქნებ, რამენაირად შევცვალოთ გადაწყვეტილება და როდესაც დარწმუნდები, რომ ეს გადაწყვწტილება არ შეიცვლება, შემდეგ ასეთ რაღაცას კადრულობ, აქედან უნდა ვიმსჯელოთ პიროვნულ თვითესებებზე, ვინ არის და რას იმსახურებს. არ მინდოდა, ამ თემას შევხებოდი, მაგრამ უკადრებელი იკადრა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს აღარ წარმოადგენს, სამწუხაროდ. თავის დროზე იყო კონსულტაციები გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კონსენსუსების და კომპრომისების საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევალ. დაგიდასტურებთ, რომ თავის დროზე იყო პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები, ასე ვთქვათ, რჩევები მათი და ბუნებრივია, ჩვენც ყველას გვიხარია და გვიხაროდა, როდესაც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, ქართველები არიან ხოლმე. ეს ყველას გვიხარია ხოლმე, მაგრამ როდესაც ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, წარმოადგენს თავის პატრონებს, ახლა რომ გული სწყდება, პრემიერ-მინისტრს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული გვწყდება, ჩვენ კი არა, მთელს საქართველოს, როდესაც საქართველოს სჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში მისი როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა და იქით არის სახვეწარი ამ დროს. რომ ურეკავენ თავის დროზე საქართველოდან, თვეებით ადრე სხვადასხვა თემაზე და მაინც, ბოდიში და, ფეხებზე იკიდებს, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და შემდეგ ამ ხვეწნა-მუდარას, თავმოყვარეობის დაცემას არავინ შეხედავს სერიოზულად და შეაფასებს ისე, როგორც საჭიროა, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამიტომ, პოლოლიკაშვილი იქნება, თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, ამას შემთხვევით არ ვიძახი, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს თუ არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით, დაბლოკავს და თან აქ ფორმალური მხარეც იყო. მესამე შემთხვევაზე გარკვეული პრეტენზიები ჩვენს ევროპელ მეგობარ ქვეყნებსაც ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი პრეცენდენტის დაშვება არ უნდოდათ. მისი შანსები ისედაც ნაკლები იყო და ამ ერთპროცენტიანი შანსის გულისთვის, ის კადრულობს უკადრებელს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ქართველი, საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა პოზიციაზე არის ძალიან კარგი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს საქართველოს და მის ხელისუფლებას. პარტნიორებთან ურთიერთობაში როცა გჭირდება, მაშინ რომ ქრება და ჩნდება მაშინ და ზარებით იკლებს ყველას და ყველაფერს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მას სჭირდება პერსონალურად, მის პატრონებს სჭირდებათ, როგორ დაეპატრონენ თავის დროზე, თავიდან თამაშობდა, თუ შემდეგ დაიწყო თამაში, ამაზე თვითონ გასცეს პასუხები. ახლა შეიძლება, ჰქონდეთ მოლოდინები, რომ შემოვა ქართულ პოლიტიკაში, ჩამოვა, დაახვედრებენ, სულ მცირე, ორ „ქართულ“, „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას და გახდება გმირი, როგორ დაიჩაგრა საქართველოდან. ამ ყველაფერს რეალური საფუძველი ჰქონდა, მორალური საფუძველი ჰქონდა და როდესაც დაავალებენ, რომ სხვის მიმართ რაღაცები იძახოს, თავის თავში ეძებოს პრობლემა ყველამ, ვინც საქართველოს კი არა, თავიანთ პატრონებს ემსახურება. სამწუხაროდ, ეს კაციც მათ რიგებში ჩადგა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი „ფორმულასთვის“ გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ირაკლი კობახიძე იტყვის, „რაში გაცვალა მისი კანდიდატურა“. „სამი კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა“, – აღნიშნავს წერილში ზურაბ პოლოლიკაშვილი.