1747340780
„ოზემპიკის“ მწარმოებელი კომპანია გასახდომ აბებზე მუშაობას იწყებს

„ოზემპიკის“ მწარმოებელი დანიური ფარმაცევტული კორპორაცია Novo Nordisk და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Septerna დიაბეტისა და ჭარბწონიანობის სამკურნალო აბებზე მუშაობას გეგმავენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Novo Nordisk ამ პროექტში 2.2 მილიარდ დოლარს დააბანდებს, თუმცა საერთო ხარჯები უფრო მაღალი იქნება - ამას დაემატება Septerna-სთვის გადახდილი თანხები და ცდების საფასური. კომპანიის ეს გადაწყვეტილება დიდწილად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მისმა ამერიკულმა კონკურენტმა Eli Lilly-მ ანალოგიური აბების წარმოების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც Novo Nordisk-ის აქციები 10%-ით დაეცა.
ჯამში, ბოლო წლის განმავლობაში დანიური კომპანიის აქციები 52%-ით დაეცა, რადგან სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატების ბაზარზე - „ოზემპიკის“ მრავალი ანალოგი გაჩნდა, მათ შორის აბებისა და კაფსულების სახით. აბების შექმნის დაანონსების შემდეგ Septerna-ს აქციები 63%-ით, ხოლო Novo Nordisk-ის - 2.2%-ით გაიზარდა.
„ოზემპიკი“ გლობალური გაყიდვების ლიდერია სიმსუქნისა და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს შორის. ის გამოდის ინიექციის სახით და იყიდება კალმის მსგავსი შპრიცით. აბები უფრო მარტივად გამოსაყენებელი, შესანახი და ტრანსპორტირებადია, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები ცდილობენ, თავიანთი პრეპარატები სწორედ ამ ფორმატზე გადაიყვანონ.