შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი – 1999 წელს დაბადებული ს.კ. და 2000 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები – წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები, ასევე, ამოღებულია მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი – დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებულები ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის ადგილმდებარეობას წინასწარ სწავლობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.