1749585187
პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მიიღო „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„კანონპროექტის თანახმად, ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციათა ჩამონათვალს დაემატება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ასევე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა.
კანონის მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ საქმიანობას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ცვლილების მიღების შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ისევე როგორც ამჟამად ინფრასტრუქტურის სამინისტრო, უფლებამოსილი იქნება ხსენებული კომპეტენცია განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.