წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1778869834
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის და ფონდი „ქართული გალობის“ მიერ ორგანიზებულ, მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დასკვნით სესიას დაესწრნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანს ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის აქტუალური საკითხების გარშემო საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავება და თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში ახალი კვლევითი პერსპექტივების წარმოჩენა წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის, ეთნომუსიკოლოგიის, მუსიკალური განათლების, ტრადიციული ხელოვნების, საშემსრულებლო პრაქტიკისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის მრავალფეროვან მიმართულებებზე მოხსენებები განიხილეს. კონფერენციაზე ახალგაზრდა მკვლევრებს წარმატებული აკადემიური მიღწევებისთვის სიგელები გადაეცათ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიესალმნენ.
„უნივერსიტეტის სტუდენტებს, კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდებს, განსაკუთრებულად გილოცავთ დამსახურებულ სიგელებს, რომლებიც აკადემიური მიღწევებისთვის გადმოგეცათ. მნიშვნელოვანია ამ საქმეში თქვენი მონაწილეობა და ჩართულობა. წარმატებები მინდა გისურვოთ ჩვენი ქვეყნის, უფლისა და ადამიანების სიყვარულისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის თქმით, გალობა ქართული თვითმყოფადობისა და ეროვნული თვითშეგნების ნაწილია.
„ამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა ქართული გალობის პოპულარიზაცია გავაგრძელოთ. გალობა ასეთი კვლევებით, სიმპოზიუმებით და საერთაშორისო თანამშრომლობით ვითარდება და ამისთვის ღონისძიების ორგანიზატორებს დიდ მადლობას მოგახსენებთ. შეგახსენებთ, საბჭოთა პერიოდში, როდესაც თითოეული ქვეყნის ხმა ჩახშული იყო, კოსმოსში ქართული სიმღერა გაიგზავნა. ეს უბრალო მოვლენა არ არის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ხმის გამორჩეულობას“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მნიშვნელობაზე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ კონფერენცია მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მოღვაწის, მანანა ანდრიაძის სახელს ატარებს. გიორგი გაბუნიას განცხადებით, წლების წინ გალობის უნივერსიტეტი მცირე სივრცეში დაფუძნდა, მაგრამ ამით დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. მანვე უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ივანე ჩხარტიშვილს, ნანა გოთუასა და ფონდ „ქართულ გალობას“ მადლობა გადაუხადა.
„გალობის უნივერსიტეტს მალე ახალი შენობა ექნება. ამ საკითხში განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფოს როლი. ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი ტრადიციები და ღირებულებები. ჩვენი სახელმწიფო მხარს უჭერს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული კულტურა და ეროვნული ღირებულებები დაცული იყოს. ეს არ არის უბრალოდ სამსახური. ეს ჩვენი ერისა და ქვეყნის მსახურებაა“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ბაია კვიციანი და თამარ მახარაშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ნანა გოთუა და გალობის უნივერსიტეტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.