ობიექტურად, ევროკავშირს ვერავითარი ინტერესი ვერ ექნება, რომ ასეთი ურთიერთობის რეჟიმში იყოს საქართველოსთან, მაგრამ იმდენად დიდია გლობალური ომის პარტიის გავლენა, რომ ევროპული ბიუროკრატია იძულებულია, იმოქმედოს არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ რაღაც გარე ინტერესების კარნახით - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

იმდენად დიდია იმ ძალის გავლენა ევროპაზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომ ევროპული ბიუროკრატია იძულებულია, იმოქმედოს არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ რაღაც გარე ინტერესების კარნახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით ევროპისთვის, თუმცა ევროპული ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაკეტოს ურთიერთობები საქართველოსთან.

„ევროპას არავითარი ობიექტური ინტერესი არ აქვს, რომ იყოს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების ასეთ რეჟიმში, თუმცა, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპული ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დააზიანოს ევროპის ინტერესები. განსაკუთრებით, რაც ხდება ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპაში, ვხედავთ, რომ საერთოდ ვერ იცავს ევროპული ბიუროკრატია ევროპის და ევროპის საზოგადოების ობიექტურ ინტერესებს. იმდენად დიდია იმ ძალის გავლენა ევროპაზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომ ევროპული ბიუროკრატია არის იძულებული, იმოქმედოს არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ რაღაც გარე ინტერესების კარნახით. ევროპისთვის საქართველო არის უმნიშვნელოვანესი არხი, იგივე, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით და ასეთ დროს, შენ ცდილობ იზოლირებას საქართველოსგან, საქართველოსთან არ შედიხარ ჯანსაღ კომუნიკაციაში, პარტნიორობაში, თანამშრომლობაში. ჩვენს გარშემო რა ხდება - ჩაეკეტა ყველაფერი პრაქტიკულად ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით. ასეთ პირობებში საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით ევროპისთვის. ჩვენ ისედაც, ბუნებრივად ვაკავშირებდით ერთმანეთთან ევროპას და აზიას. ამ კუთხით ევროპისთვის საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაკეტოს ურთიერთობები საქართველოსთან, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპის ინტერესების შესაბამისად, არამედ, გარე ინტერესების კარნახით“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ევროპაში არის სრული სტაგნაცია, არაერთ ქვეყანაში არის ეკონომიკის ვარდნა, მაგრამ ევროპა საერთოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს.

„დღეს ევროპას ეკონომიკური კუთხით აქვს სერიოზული პრობლემები. ინერციით ჯერ კიდევ ინარჩუნებს კეთილდღეობის მაღალ დონეს, მაგრამ არის ყველაზე განვითარებული ქვეყნები, იგივე გერმანია, სადაც ზედიზედ ორი წელი ჰქონდათ ეკონომიკის ვარდნა, მინუს 0,3%, მინუს 0,2%. რომ გადავხედოთ მთლიანობაში ევროკავშირის ეკონომიკას, მშპ-ს, 2008 წელს ევროკავშირის ეკონომიკა ბრიტანეთის ჩათვლით იყო დაახლოებით 19,3%, დღეს არის ბრიტანეთის გარეშე 19,4%. ზრდა, რომ გამოეყო ბრიტანეთი, იყო სამი ტრილიონი, რაც რეალურად ნიშნავს სტაგნაციას, როცა მხოლოდ სამი ტრილიონით იზრდება ეკონომიკა ამდენი წლის განმავლობაში, 2008 წლიდან 2014 წლის ჩათვლით. მანამდე შეგახსენებთ, რომ 6 წელიწადში ორჯერ გაიზარდა ევროკავშირის ეკონომიკა. დღეს არის სრული სტაგნაცია, არაერთ ქვეყანაში არის ეკონომიკის ვარდნა, მაგრამ ევროპა საერთოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს. ჩაიკეტა წვდომა იაფ რესურსებზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. აქაც ვერ დაიცვა თავი ევროპამ და დღეს ბევრად უფრო ძვირად უწევს შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ინდუსტრიას უამრავი მიმართულებით აქვს პრობლემები და ხშირ შემთხვევაში გადაქაჩვა ხდება სრულიად სხვა კონტინენტზე სა ა.შ. როგორც იქ ვერ იცავს ევროპული ბიუროკრატია ევროპის ინტერესებს, ზუსტად იგივე სურათი გვაქვს საქართველოსთან მიმართებაში. ობიექტურად, ევროკავშირს ვერავითარი ინტერესი ვერ ექნება, რომ ასეთი ურთიერთობის რეჟიმში იყოს ჩვენს ქვეყანასთან, მაგრამ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპის ინტერესების, არამედ, გარე ინტერესების კარნახით“, - განაცხადა პრემიერმა.