მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო, დავეხმაროთ საერთაშორისო და შიდა ინვესტორებს, რომ შეიქმნას დასაქმების მეტი ადგილი ჩვენს ქვეყანაში

მარიამ ქვრივიშვილი

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის დილის“ რუბრიკაში „ბიზნეს ინსაიდერი“ საერთაშორისო და შიდა ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, ისე ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობას.

„მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ კომფორტული, გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო, გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა და დავეხმაროთ საერთაშორისო და შიდა ინვესტორებს იმისთვის, რომ შეიქმნას დასაქმების მეტი ადგილი ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგი და დადებითი დინამიკა შეინიშნება ამ კუთხით”, - განაცხადა მინისტრმა.

მან მსხვილი ინვესტიციების კონკრეტულ მაგალითებზე - „ჯორჯია მეტალისა“ და „ემაარის“ პროექტებზე ისაუბრა.

„ჯორჯია მეტალის“ საწარმოს გახსნაზე ვიმყოფებოდით, 80 მილიონ დოლარზე მეტია უკვე დახარჯული, შეიქმნა 400-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, რითაც უზრუნველყოფა მოხდება, რომ ფაქტობრივად, სამშენებლო მასალების წარმადობა წელიწადში 400 000-ზე მეტი იქნება, რაც არის ზუსტად ის მოცულობა, რითაც შემცირდება იმპორტის საჭიროება.

ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის გავაძლიეროთ თითოეული სექტორი, ამ სექტორში შესაძლებლობა იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რესურსი - რა შეგვიძლია, მეტად განვავითაროთ და რა არის თუნდაც, ის საჭიროებები, რაც დაგვრჩება იმპორტისთვის.

მეორე მხრივ, საერთაშორისო ინვესტიციებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ინტერესია „ემაარის“ ინვესტიციის მიმართ. ეს არის ისტორიული სიდიდის პროექტი მათ შორის ინვესტიციის კუთხით - 6,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია არის დადასტურებული „ემაარის“ მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ორ უმსხვილეს პროექტზე - გონისა და დედაქალაქში, კრწანისის ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, 5 ათასზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული უდიდესი მულტიფუნქციური ორი კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, განთავსების ობიექტებს, ისევე, როგორც სხვა კომერციულ სივრცეებს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს კომპანია „ემაართან“, პირადად მე რა თქმა უნდა, დამფუძნებელთან. ჩვენი გუნდები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ფაქტობრივად, პროექტი უკვე სრულყოფილია იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდგომ ნაბიჯებზე. დღეს გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. მათ შორის დაწყებულია არაერთი კვლევა, პროექტირება”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი შეფასებით, „ემაარის“ პროექტი სხვა მსხვილი ინვესტორისთვისაც მნიშვნელოვანი სტიმულია.

„ეს იყო დიდი სტიმული მათ შორის სხვა ინვესტორებისთვისაც, განსაკუთრებით ყურის ქვეყნებისთვის. ამან ძალიან გააძლიერა ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა. ნდობა იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილური საინვესტიციო გარემო, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის პოზიტიური. რა თქმა უნდა, ასეთი მსხვილი ინვესტორის ასეთი მოცულობის თანხით შემოსვლამ გამოიწვია მსხვილი ინვესტორების დაინტერესება არა მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა მინისტრმა.