1749744057
მამუკა მდინარაძე: დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება - დაახლოებით ამას ჰგავდა განცხადება ბრიტანეთის საელჩოსგან

დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება. დაახლოებით ამას ჰგავდა განცხადება ბრიტანეთის საელჩოსგან, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი წესები ძალიან მალე დადგინდება.
„არის წესი, რომელსაც ადგენს ქვეყანა. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ. იცით, რომ ეს მიმდინარე პროცესია. როდესაც კანონი წესით რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად შეგიძლია ხვალ თუ ზეგ მიმართო მთავრობას და თანხმობა მიიღო, თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს, რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას, ეს არის ძალიან ცუდი რამ, ყველაზე რბილად რომ ვთქვა.
ზუსტად რომ იცი, რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმა რომ იქნება, რომლის მიხედვითაც მიმართავ და შეგიძლია მიიღო თანხმობა და დღეს ამბობ, რომ ეს საშინელება ხდება, ეს არის ძალიან ცუდი რამ, რაც შეუძლია ბრიტანეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საელჩოს, რომ გააკეთოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადების თანახმად, მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.