1781296763
მაკა ბოჭორიშვილი: მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს
ქართულმა მხარემ თავის მხრივ პოზიციები წარადგინა, რომელიც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა სამუშაო დონეზე, სადაც მხარეებმა პოზიციები გაცვალეს.
„ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მისწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს. ქართულმა მხარემ წარმოადგინა ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ აქამდე ვიხილეთ ევროკავშირის მიერ დაფიქსირებულ ანგარიშებში თუ რეგულაციებში, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს:
„საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას“.











