მადლობა სუს-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული, მადლობა ანრი ოხანაშვილს ამ სამსახურში თავისი ხელწერის შეტანისთვის - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული, მადლობა ანრი ოხანაშვილს ამ სამსახურში თავისი ხელწერის შეტანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სუს-ის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის დროს განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ყველა რისკის თავიდან აცილების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დამსახურება ძალიან დიდია.

„იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, სწორედ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ არცერთი რისკი, რომელიც რეალური იყო, არ რეალიზდა. საქართველოში შენარჩუნებულ იქნა უსაფრთხოების ის გარემო, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეკონომიკის ზრდის რეკორდული მაჩვენებლებიც მიუთითებს, რომ უსაფრთხოების გარემო არის შექმნილი ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ, მინდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული, მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ, ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.