1757591883
ლევან სანიკიძე - კრიტიკული უმრავლესობა, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან, მხარს უჭერს „მეგობარი აქტის“ მიღებას, საუბარია პროცედურულ შეფერხებაზე

საუბარია პროცედურულ შეფერხებაზე, რომელიც დაკავშირებულია „მეგობარი აქტის“ მიღების პროცედურულ საკითხთან. კრიტიკული უმრავლესობა, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან, მხარს უჭერს „მეგობარი აქტის“ მიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძის თქმით, დარწმუნებულია, უმოკლეს ვადებში შესაძლებელი იქნება „მეგობარი აქტის“ საკითხის ხელახალი აქტუალიზაცია.
ლევან სანიკიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა ისევ ძალაშია.
„ორივე პარტიის მხრიდან „მეგობარ აქტს“ როცა ასეთი მხარდაჭერა აქვს, შეუძლებელია, ამ პროცედურული შეფერხებით მოხდეს „მეგობარი აქტის“ მიღების საკითხის ასე შეჩერება. მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია, როგორ და რა ფორმით იქნება მისი აქტუალიზაცია შემდგომში გაკეთებული. იმ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, რომელთან ერთადაც „მეგობარი აქტი“ განიხილებოდა, მისი მიბმა შეიძლება არ მოხდეს და მისი მიღება სხვა ფირმით მოხდეს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი გზავნილი რაც იყო და რასთან დაკავშირებითაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, არის, რომ ორპარტიული მხარდაჭერა ისევ ძალაშია.
ძალიან დიდი უმრავლესობაა „მეგობარი აქტის“ მომხრე. გააზრებული აქვთ, რომ დიახ, ქართულ სახელმწიფოს ამის მიღება სჭირდება და ქართველი ხალხის ბრძოლაში ეს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება. აქედან გამომდინარე, ეს დროის საკითხია და მე მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით გავამახვილებდი ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, ის სულისკვეთება, რაც „მეგობარ აქტს“ აქვს მიღებული, იქნება და სისრულეში მოვა. „ქართულ ოცნებას“ ამასთან დაკავშირებით ზედმეტი იმედი არ უნდა ჰქონდეს.
ბოლი ვითარებით, რამდენადაც ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, 100 სენატორიდან 97, თუ 98 სენატორი „მეგობარი აქტის“ მიღებას მხარს უჭერდა. ერთი ან ორი იყო მოწინააღმდეგე, იმ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად რომ ყოფილიყო „მეგობარი აქტი“ მიღებული, რასთან ერთადაც „მეგობარი აქტი“ გამოვიდა. „მეგობარი აქტის“ მიღებას კრიტიკული უმრავლესობა როცა უჭერს მხარს, გამოძებნილი იქნება შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, რომ „მეგობარი აქტი“ მიღებული იყოს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.