ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: გაფართოების პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან მიდგომას. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ამის ნაცვლად ვხედავთ ასეთ უსამართლობას

ლევან მახაშვილი

 ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშს გაფართოების შესახებ უსამართლოს უწოდებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობით უნდა დაწყებულიყო.

„გაფართოების პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან მიდგომას. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ამის ნაცვლად ვხედავთ ასეთ უსამართლობას. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გავიაროთ სამართლიანი ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე. პირველი, რითაც უნდა დაეწყოთ კომისიის წარმომადგენლებს, არის იმ ძალადობის დაგმობა, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ და რომლის უკანაც, არაერთი ხაზი მიდიოდა ბრიუსელამდე“, - მიიჩნევს მახაშვილი.

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ პროგრესს მიაღწიეს - საქართველომ ვერა. ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და პაკეტები, ასევე წერია, რომ ლგბტქ პირები სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოს აწყდებიან, განსაკუთრებით კი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შედეგად.

ამასთან, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა.