ლევან მაჭავარიანი მელიქიშვილზე მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება ფაშისტების და "ნაც-ტიტუშკების" მეშვეობით - მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღეს ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს

ლევან მაჭავარიანი

ყველა ხედავს, რომ ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება იმ ფაშისტების და "ნაც-ტიტუშკების" მეშვეობით, რომლებიც ფაქტობრივად ყოველ დღე იკრიბებიან უკვე შტაბთან და აწყობენ მიზანმიმართულ პროვოკაციას, - ასე შეაფასა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა, მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციის აქტივისტებსა და "ქართული ოცნების" შტაბში მყოფ პირებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

მისი განცხადებით, ყველა ხედავს, თუ როგორი სიტყვებით ილანძღებიან "ქართული ოცნების" შტაბთან მისული ოპოზიციონერი აქტივისტები, შესაბამისად, რთულია შტაბში მყოფთა გაკონტროლება.

"ჩვენი მოქალაქეები, ყველა ხედავს, თუ როგორი სიტყვებით ილანძღებიან ისინი და რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, შტაბში მყოფი ადამიანები გააკონტროლო. ვინაიდან ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ყველა თაობის ადამიანი იმყოფება აქ და შესაბამისად, როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და ასეთი სიტყვებით ილანძღებიან, ძალიან რთულია ამ ხალხის გაკონტროლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. თუ არ ვცდები, დღესაც დაგეგმილი აქვთ [შეკრება] და მაქსიმალურად ვეცდებით, მცდელობას არ დავაკლებთ, რომ ფიზიკურად შტაბიდან არავინ გავიდეს. 
ძალიან რთულია ადამიანის გაკონტროლება, როდესაც მას დედას აგინებენ - საუბარი მაქვს ქართველებზე, თორემ, "აკაცუკებისთვის", რომლებიც უბრალოდ ეთნიკურად ქართველები არიან თორემ, არაფერი ქართული მათ სისხლში არ არის, დედის გინება შეიძლება ყოველდღიურობას წარმოადგენდეს და ეს მათთვის პრობლემა არ არის." - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
Mariam
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს] და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა - მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა კადრი ისედაც აღბეჭდილია, მელიქიშვილზე ასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა, მელიქიშვილის გამზირზე, ოპოზიციონერ რადიკალებსა და "ქართული ოცნების" შტაბში მყოფებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი და ერთ-ერთი ოპოზიციონერი აქტივისტის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები ტელეფონის წართმევაში დაადანაშაულა.

მაჭავარიანის განცხადებით, დაპირისპირების კადრებს ორივე მხრიდან ბევრი ადამიანი იღებდა, იქითა მხარემ კი დაიწყო ტელეფონებზე "ნადირობა", რაც შემდეგ "ურთიერთნადირობაში" გადაიზარდა. მისივე ინფორმაციით, აქტივისტები ტელეფონებს ერთმანეთს ართმევდნენ და ბუჩქებში ისროდნენ, თუმცა, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ისედაც ასამდე კამერაა დამონტაჟებული, ყველა კადრი მაინც აღბეჭდილია.

"ტელეფონებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს], ვინაიდან, წინასწარ ვიცოდით რომ მოდიოდნენ, შემდეგ ისეთი კადრები რომ არ ყოფილიყო მხოლოდ, რომელიც მათ აწყობთ-ხოლმე, სადაც თავიანთი აგრესია არ არის ხოლმე კადრებში გამოჩენილი და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა და რაღაც ურთიერთნადირობაში გადაიზარდა ეს. მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა კადრი ისედაც აღბეჭდილია - მელიქიშვილის გამზირზე ვიმყოფებით, სადაც ასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, მაინც ყველაფერია გადაღებული." - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.