8 მთავარი ნაშანი იმისა, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1757448877
პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა.
„აქციის დროს გარკვეული პოლიტიკოსები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოქმედებდნენ საერთო მიზნით და ჰქონდათ საერთო მოწოდებები. თქვენ გახსოვთ პოლიტიკოსების პირდაპირი მოწოდებები აქციიდან ხელისუფლების დამხობისკენ, მაგალითად წინააღმდეგობის გაწევისკენ, მუდმივ წინააღმდეგობაზე პოლიციასთან, რასაც მათი დაღლა უნდა გამოეწვია და სისტემის ჩამოშლა. ამის პარალელურად გახსოვთ არასამთავრობოების განცხადებები. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ მოსახლეობას, საუბრობდნენ სასტიკ ბრძოლაზე, წინააღმდეგობის ადგილების გახსნაზე და საჯარო სექტორის გაფიცვაზე. ამ გაფიცვას უნდა გამოეწვია უშუქობა, ტრანსპორტის კოლაფსი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გამოიწვევდა სახელმწიფოს დასუსტებას და სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების მოშლას“, - აღნიშნა პროკურორმა.
მისი თქმით, როდესაც დაკითხვები მიმდინარეობდა, ჟურნალისტების მხრიდან ყველაზე მეტად ისმებოდა კითხვა - იყო თუ არა დანაშაული აირწინაღის, ან დამცავი სათვალის ყიდვა.
„ცალკე თუ ავიღებთ, დანაშაული არც საწვავის შესყიდვაა და არც პიროტექნიკის, მაგრამ გააჩნია მიზანს, რისთვის იყენებდნენ. თქვენ გახსოვთ აქციის დროს გადაღებული კადრები, რომ სწორედ წინააღმდეგობის დროს აქციის მონაწილეები იყენებდნენ აირწინაღებს, დამცავ სათვალეებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქმნიდნენ ბარიკადებს, რაც სხვათა შორის კანონით აკრძალულია და ყოველი დაშლის მოწოდების შემდგომ სწორედ ამ აირწინაღებით ბრუნდებოდნენ, იცავდნენ თავს და უწევდნენ წინააღმდეგობას პოლიციას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მხოლოდ დამკვირვებლები არ იყვნენ, იყვნენ აქციის მონაწილეები და ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები. ერთ-ერთი მათი მოთხოვნა სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ პოლიტიკოსებთან ერთად და იდენტური მოთხოვნები ჰქონდათ. ჩვენ ვეკითხებით რა არის ან სამართლებრივი, ან მტკიცებულებითი საფუძველი, რაზეც ბუნებრივია, პასუხს ვერ გვცემენ და სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს გამოძიების მხრიდან“, - აღნიშნა კოტრიკაძემ.
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.