8 მთავარი ნაშანი იმისა, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1757448877
იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს. ეს განსაკუთრებული ეფექტი მასში შემავალი შაქრის მოლეკულების დამსახურებაა.
ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტისა და იანგ მინგ ჩიაო ტუნგის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრებმა სოკოს ეს უნარი მის მიერ წარმოებულ ნაერთებზე, კერძოდ სულფატ პოლისაქარიდებზე (SPS) დაკვირვებისას აღმოაჩინეს. SPS არის შაქრის მოლეკულის სახეობა, რომელიც გლუკოზის, გალაქტოზისა და სულფატის ნაერთებს ერთ მოლეკულაში აერთიანებს.
ამ სოკოსა და შაქრის მოლეკულებში კიბოსა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქამდეც დაუფიქსირებიათ, მაგრამ მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ იყო.
Antrodia cinnamomea-ს მოყვანა ლაბორატორიაშიც შეიძლება, რის გამოც მისი ბუნებაში შეგროვება საჭირო აღარ არის. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მისი ბიოაქტიური თვისებები მხოლოდ SPS შაქრების ჯგუფის დამსახურებით აქტიურდებოდა. ამის გადასამოწმებლად მათ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც სოკოს SPS მოლეკულების დიდი რაოდენობით წარმოქმნისკენ უბიძგებდა.
მათ აღმოაჩინეს განსაკუთრებით სასარგებლო ნაერთის ტიპი — N50 F2. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მან უჯრედებში ანთების ძირითადი გამომწვევი ფაქტორები შეამცირა და ფილტვის კიბოს უჯრედები გაანადგურა.
ექსპერიმენტები მხოლოდ კულტივირებულ უჯრედებზე ტარდებოდა და ისინი ცოცხალ ადამიანებზე არ ვრცელდება. ამის მიუხედავად, აღმოჩენა ახალი თერაპიული მკურნალობის შემუშავებისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
„ეს კვლევა აჩვენებს, რომ Antrodia cinnamomea-ს სულფატ პოლისაქარიდებს ანთების საწინააღმდეგო ძლიერი ეფექტი აქვს და კიბოს უჯრედებს აფერხებს", - წერენ მკვლევრები
აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ბუნებრივი საშუალებები შეიძლება მკურნალობის ახალი მეთოდების წყარო იყოს. წინა კვლევების მიხედვით, კიბოს უჯრედებთან ბრძოლა სხვადასხვა მცენარეს, წყლის დათვებსა და მორიელის შხამსაც კი შეუძლია.
ახლა კი ამ ჩამონათვალს შეგვიძლია Antrodia cinnamomea-ც მივუმატოთ. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ეს აღმოჩენა ლაბორატორიული ექსპერიმენტიდან რეალურ და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებებად იქცეს. ამის მიუხედავად, მკვლევრებმა მიზანს მიაღწიეს და იშვიათ სოკოში გამოავლინეს მოლეკულები, რომლებსაც ცვლილების მოხდენა შეუძლია.