კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ე.წ. არჩევნებს გამოვუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც ვუცხადებთ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

პოზიცია არის ძალიან მარტივად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული. დავიწყოთ იმით, რომ ჯამურად ამ კვლევის მიხედვით, ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური, პროდასავლური ამომრჩევლის ნება როგორი არის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძეს კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პასუხია „დიახ“.

ვინმეს თუ ახსენდება, ოდესმე ამ ქვეყანაში დასმულიყო საკითხი, ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. აქამდე რომ მიდიხარ, ოპოზიცის გავიდეს თუ არა არჩევნებზე, ამას ეკითხები ამომრჩეველს, ესე იგი რაღაცა არ არის კარგად. ამ შეკითხვაზეც ყოველი მეორე, ფაქტობრივად, ამბობს, რომ არ უნდა მიიღოს ამ პირობებში ოპოზიციამ მონაწილეობა. დარჩენილ 55 %-ში ნახევარი ამბობს, რომ მონაწილეობას თუ მიიღებს ოპოზიცია, უნდა მიიღოს მხოლოდ მაშინ, თუ საპარლამენტო არჩევნები ან თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ტარდება ან ჯერ საპარლამენტოა და მერეა თვითმმართველობის არჩევნები“,- განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა მათთვის დამატებითი არგუმენტია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

„შესაბამისად, ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ე.წ. არჩევნებს ჩვენ გამოვუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც ვუცხადებთ. რადგან ოპოზიციური ამომრჩევლის 25-27% არის ახლა მზად, რომ ამ პირობებში მიიღოს მონაწილეობა. ეს მაჩვენებელი მინიმუმ 70-80% უნდა იყოს, რომ არსებული ცესკო-ს პირობებში შეძლო ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება. როდესაც შენი ამომრჩევლის 60%-მდე მიიჩნევს, რომ არჩევნები ყველა ვარიანტში დარღვევებით და გაყალბებით დასრულდება, უნდა შეეშვა არსებულ პირობებში არჩევნებში გასვლაზე საუბარს“,- განაცხადა სანიკიძემ.