,,ხშირ შემთხვევაში, სამკურნალო პრეპარატებიც კი გადაიქცა ნარკოტიკების წყაროდ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა გაამკაცროს კონტროლი" - გიორგი ვოლსკი

ვოლსკი

პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს დაჩქარებული წესით განხილვას პრემიერ-მინისტრის ინიციატივებისა, რომელიც ჩანაცვლებით თერაპიასა და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ეხება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. მეტადონის პროგრამას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს, ხოლო კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი აიკრძალება. ქვეყანაში მათი შემოტანა და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ ინიციატივის მნიშვნელობაზე.

"მსოფლიოში პრობლემად იქცა ნარკომანია და ნარკოტიკების გავრცელება. საკმაოდ სერიოზული, არალეგალური რესურსია მობილიზებული, რომელიც ამ ყველაფერს ბიზნესად აქცევს. მკურნალობაც საკმაოდ ინტენსიურია მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, სამკურნალო პრეპარატებიც კი გადაიქცა ნარკოტიკების წყაროდ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა, გაამკაცროს კონტროლი," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი.