გიორგი აკოევი, მეტსახელად „სვერდლოვსკი“, დააკავეს
1762199121
საქართველოში საქმიანობას იწყებს არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია, „ემაარ ჯგუფი“, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის - 6,5 მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანია, რომელიც მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში ოპერირებს და რომლის სახელსაც „ბურჯ ხალიფას“ აშენება უკავშირდება, თბილისსა და გონიოში თანამედროვე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მშენებლობას გეგმავს, რაც, 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.
მასშტაბურ პროექტს კრიტიკულად უყურებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პარტია “ლელო”. ხაზარაძე-ჯაფარიძემ და მათი პარტიის წარმომადგენლებმა, არაერთი განცხადება გააკეთეს უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ და საზოგადოებას არაბების მასიური ჩამოსახლების და “არაბიზაციის” საშიშროებაზე მიანიშნეს და განაცხადეს, რომ "თბილისში ვატიკანზე 12-ჯერ დიდი არაბული ქალაქი შენდება".
მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად, შესაბამისად, აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან "ივანიშვილის არაბულ აფიორასთან”.
“პირდაპირ ვამბობ, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს! ეს დანაშაულია!” - დაწერა ხაზარაძემ.
არანაკლებ კრიტიკულია ბადრი ჯაფარიძე, რომელიც თვლის, რომ პროექტი არის “ძალიან არაგამჭვირვალე, ქვეყნისთვის არამომგებიანი და შეიცავს ბევრ რისკს.”
“…ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ან სრულ არაკომპეტენტურობასთან ან არაჯანსაღ, კორუფციული ბუნების მოტივაციასთან!” - დაწერა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოში განსახორციელებელ ინვესტიციებს უარყოფითად აფასებს ირაკლი კუპრაძეც - “ლელოს” გენერალური მდივანი, პარტიის ლიდერების მსგავსად, ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს და აცხადებს, რომ “არაბულ საინვესტიციო ჯგუფებთან გაფორმებული ხელშეკრულება ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას დამალული აქვს”.
ამავე პარტიის წევრი, თაზო დათუნაშვილი კი, პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მწვანეს უნთებს მასიურ, მასშტაბურ არაბულ ჩამოსახლებას საქართველოში. “ემაარ ჯგუფთან” გარიგებას, ისიც გაუმჭვირვალეს უწოდებს და ეკონომიკის სამინისტროსგან, არაბული საინვესტიციო ჯგუფისთვის კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს ტერიტორიებზე მიწის გადაცემის შესახებ ინფორმაციას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ თავად ხაზარაძე, სულ რამდენიმე წლის წინ, ანაკლიის პროექტში ჯერ ჩინელების, შემდეგ კი ყაზახი ინვესტორების ჩართავს ცდილობდა, თუმცა, ეს არ გამოუვიდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძე „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებელია, რომელიც თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერი იყო. მას ჰქონდა მცდელობა, ანაკლიის პროექტში ყაზახი ბიზნესმენებით დაკომპლექტებული კომპანია „მერიდიან კაპიტალი" ჩაერთო, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ევგენი ფელდი, ცნობილია როგორც რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირი.
მანამდე კი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ ანაკლიის პროექტში ჩართული იქნებოდა ჩინური კომპანია. „ლელოს“ ლიდერი თავადვე იხსენებს შემდეგს: „...პოზიცია მალე ჩამოვაყალიბეთ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად: გავერთიანებულიყავით ჩინურ კომპანიასთან, შეგვექმნა ერთობლივი ქართულ-ამერიკულ-ჩინური კონსორციუმი, სამივე მხარის 33% მონაწილეობით, და ასე, ერთიანი ძალებით, განგვეხორციელებინა ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი, საუკუნის პროექტი.“
2022 წლის 12 დეკემბერს მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტი შეცვალა. თუკი პირვანდელი პროექტით, პორტის ძირითადი აქციონერი ინვესტორი უნდა ყოფილიყო, ახალი კონფიგურაციით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მთავრობა იქნება.
2024 წელს, ხაზარაძისთვის ჩინური კომპანიის ჩართვა ანაკლიის პროექტში, უკვე მიუღებელი იყო და ის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ თავიდან ჩაატარებდა ანაკლიის პორტის ტენდერს.
"პირველ სამ კვირაში ჩვენ დაჩქარებული წესით შევიტანთ შესწორებებს კანონში და მოხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლირებადი, სახელმწიფო კომპანიის ჩამოშორება პროექტიდან. ამის შემდეგ, ჩვენ ხელახლა ჩავატარებთ ანაკლიის პორტის ტენდერს, რათა შეირჩეს დასავლური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია და ანაკლიის პორტის მშენებლობა სწრაფად დასრულდეს", - აცხადებდა ხაზარაძე საპარლამენტო არჩევნების წინ.
ანაკლიის პორტის საქმეზე, ხაზარაძეს საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავაც აქვს წაგებული. 2024 წელს, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მომჩივანს, ანუ „ანაკლიის კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა. არბიტრაჟმა კანონიერად მიიჩნია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2020 წელს მთავრობამ ხაზარაძის კომპანიასთან 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა 2025 წელსაც წააგეს ვაშინგტონის არბიტრაჟში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. „ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.
... აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.“ - ნათქვამია იუსტიციის სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება „ემაარ ჯგუფის“ მიერ განსახორციელებელ უპრეცედენტო ინვესტიციას, „ლელოს“ და მისი ლიდერების კრიტიკის ფონზე, ხელისუფლება ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს პროექტი ქვეყანას მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "ემაარ ჯგუფის" მიერ თბილისსა და გონიოში დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების პირობებში მაქსიმალურად არის ასახული სახელმწიფოს ინტერესები და არ არსებობს ვალდებულება, რომელმაც შესაძლოა, რაიმე რისკი შეუქმნას ჩვენს ქვეყანას.
„ამ მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება პირობებს, ხელშეკრულების პირობებში მაქსიმალურად არის ასახული სახელმწიფოს ინტერესები. მადლობა მარიამ ქვრივიშვილს, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა, რათა საუკეთესო პირობები ასახულიყო ხელშეკრულებაში და ეს 33 პროცენტიც ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა. რაც შეეხება ვალდებულებებს, ვალდებულებები არის ორმხრივი, მაგრამ ჩვენ არ შევდივართ არცერთ ისეთ ვალდებულებაში, რომელმაც რაიმე რისკი შეიძლება შეუქმნას ჩვენს ქვეყანას, მის ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესებს. პირიქით, ეს ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით,”- განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და "ლელოს" ბრალდებებს, თითქოს, ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, "წმინდა წყლის სპეკულაციები" უწოდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა "იგლ ჰილს საქართველოს" ოფისის გახსნისას, პროექტის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პროექტი იქნება დასაქმების დიდი ხელშემწყობი, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. იქმნება ორი ახალი დანიშნულების ადგილი თბილისსა და ბათუმთან ახლოს, გონიოში, რომლებიც შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას – გააერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, განთავსების ობიექტებს, სავაჭრო ქუჩებს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისთვის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ცნობილია, „ემაარ ჯგუფის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლით, ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.