ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს.

„დაგეგმილია ლიდერების შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბიშკეკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.