ირაკლი კობახიძე: გახარიას პარტია საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვიდა და პარტიების აკრძალვაზე სარჩელში მოხვედრისგან თავი გადაირჩინა, „ლელო“ დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და დარჩა სარჩელშიც

ირაკლი კობახიძე

პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრისგან გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და შესულიყო პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ სარჩელიდან მისია ამოღებაც მოუწევდა.

„სამართლებრივად გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, მთავარი საყრდენი სარჩელში გახარიას მიმართ და მისი პარტიის მიმართ იყო საბოტაჟი. გამომდინარე იქიდან, რომ გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრას. თუმცა ის ბრალდებები რაც ისმოდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, ყველაფერი ძალაში რჩება, იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე რჩება ძალაში. სამართლებრივად არის კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვი საფუძველი და არის კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება არ გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, თუნდაც ეს ქმედებები იყოს დანაშაულებრივი. „ლელოს“ თავის დროზე რომ არ გაეუქმებინა მანდატები და შემოსულიყო პარლამენტში, „ლელოს“ ამოღებაც მოგვიწევდა ამ სარჩელიდან, თუმცა დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და აქედან გამომდინარე, დარჩა სარჩელშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.