1773690293
ირაკლი კირცხალია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ისეთი დასკვნა, როგორიც არის ყველა რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო დასკვნაა.
„რაც შეეხება თითოეულ იმ მიმართულებას, თითოეულ ცრუ ფაქტს, რომელიც ამ დასკვნაშია მოყვანილი, ამას სერიოზულად ვერ შეხედავ. ეს არის ნაკარნახევი იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც სამწუხაროდ დღეს წარმოადგენს ის ადამიანი,რომელიც პირდაპირ აპელირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელი ხელისუფლებაც რეზოლუციას რეზოლუციაზე ავტორობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული.
გესაუბრებიან ევროპული ღირებულებების სახელით, გესაუბრებიან ბრიუსელის სახელით ევროკავშირის დროშას ამოფარებული და გეუბნებიან, რომ თურმე ოჯახური ღირებულებების დაცვა ევროპული გზა არ ყოფილა, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა თურმე დასაშვები უნდა იყოს და ეს ევროპულია, როდესაც იუსტიციის სახლში უნდა მიბრძანდეს თურმე საქართველოს მოქალაქე და თავის შეხედულებით გადაიკეთოს სქესი, ეს თურმე პროევროპულია, თურმე გამჭვირვალობა არ არის ევროპული. თითოეული მიმართულება არის გაცამტვერებული. ეს იყო ვიწრო პოლიტიკური ანგარებით შედგენილი ის დასკვნა, როგორიც არის ყველა რეზოლუცია და განცხადება მათი მეგობრების მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კიორცხალიამ.
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773691767












