ირაკლი ფავლენიშვილი: ახლა აღარ არის პლატფორმების და რაღაც კონკრეტულ გაერთიანებებზე დროის ხარჯვის დრო, სჯობს, საქმეზე ვკონცენტრირდეთ

ირაკლი ფავლენიშვილი

ახლა აღარ არის პლატფორმების და რაღაც კონკრეტულ გაერთიანებებზე დროის ხარჯვის დრო, ახლა არის საპროტესტო მოძრაობაში უფრო აქტიური ჩართვის დრო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ფავლენიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან მარტივი სტრატეგია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ როდესაც იბრძვის, ერთიანობა არის აუცილებლობა.

„ჩვენ ვიზიარებთ ერთიანობასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის სულისკვეთებას. მათ შორის ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო მკვეთრად გამოხატული და გიორგი იყო ჩვენი კოალიციური პარტნიორი. რაც შეეხება ყველა პუნქტს, კონკრეტული პუნქტებზე უფრო კითხვის ნიშნები არსებობს. რაც შეეხება ერთიანობას, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან მარტივი სტრატეგია. ჩვენ როცა ვიმყოფებით ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ, ერთიანობა არის მოცემულობა, აუცილებლობა. ვინც ვრჩებით წინააღმდეგობაში, არშეგუებისა და ართანამშრომლობის რეჟიმში, ჩვენ ისედაც მოგვიწევს და გვიწევს კიდეც თანამშრომლობა ერთმანეთთან. კონკრეტული ფორმატიც არის ამისთვის შექმნილი. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შეიძლება, იყოს რაღაც პრობლემები ოპოზიციურ სპექტრში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმას, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ არ აპირებს.

„არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ პუნქტში შეიძლება, არსებობდეს დეტალები, რომელიც შეიძლება, იყოს სამსჯელო, მაგრამ რაც შეეხება ერთიანობას, ერთიანობას ასხივებენ ის ძალები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას სპეცოპერაციაში. ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ აქციებს, სხვადასხვა ღონისძიებას. ამიტომ, ეს ერთიანობა არის ხილული. რაც შეეხება ახლა კონკრეტულ აქტორებს. კონკრეტული აქტორები უნდა შემოუერთდნენ საპროტესტო მოძრაობას. ახლა აღარ არის პლატფორმების და რაღაც კონკრეტულ გაერთიანებებზე დროის ხარჯვის დრო, ახლა არის საპროტესტო მოძრაობაში უფრო აქტიური ჩართვის დრო. ჩვენ გვაქვს, სხვათა შორის, კონკრეტული თარიღი 4 ოქტომბერი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა თემებზე, იმ რაღაც პლატფორმებზე მუდმივად საუბარს, სჯობს, საქმეზე ვკონცენტრირდეთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.