იორდანიის ხელისუფლებასთან ვისაუბრეთ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის ხელშეწყობაზე - ნიკოლოზ სამხარაძე

სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და კომიტეტის დელეგაციის წევრებმა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას იორდანიის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის გადმოცემული მიწის ნაკვეთი მოინახულეს, რომელზეც ქართული კულტურული ცენტრი უნდა აშენდეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში საუბრები გვქონდა იორდანიის ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ქართული კულტურული ცენტრის მშენებლობის პროცესს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს იორდანიაში არსებული მე-11 საუკუნის ქართული მონასტრის - შიხანის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები და ადგილობრივი არქეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელს სამომავლო გეგმებთან და სამუშაოებთან დაკავშირებით ესაუბრნენ.

„ისტორიულად დადასტურებულია, რომ შიხანის მონასტერი არის ქართველების მიერ დაარსებული ერთ-ერთი მონასტერი წმინდა მიწაზე და მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდეს, რათა შენარჩუნდეს ქართული კულტურული კვალი იორდანიაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იორდანიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.