გიორგი სიორიძე - მოსალოდნელი იყო, რომ ირაკლი კობახიძის მხრიდან ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა პროპაგანდისტული ხრიკი იყო, სურვილი რომ ჰქონოდათ, მოწვევაზე უარს ივნისში არ იტყოდნენ

გიორგი სიორიძე

როგორც მოსალოდნელი იყო, ირაკლი კობახიძის მხრიდან ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა პროპაგანდისტული ხრიკი აღმოჩნდა, „ქართულ ოცნებას“ ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის სურვილი რეალურად რომ ჰქონოდა, ამაზე უარს ჯერ კიდევ ივნისში არ იტყოდა, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა მოლაპარაკე თავები მომხდარს ისევ ეუთო/ოდირს დააბრალებენ და ანტიდასავლური რიტორიკის წახალისებით დაკავდებიან.

„როგორც მოსალოდნელი იყო რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძის მხრიდან ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა პროპაგანდისტული ხრიკი აღმოჩნდა. ამის შესახებ ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით. ეუთო/ოდირის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაშინ როდესაც თვეზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე შეუძლებელია სრულფასოვანი მისიის გამოგზავნა და შესაბამისი დაკვირვების განხორციელება, როგორც წინასაარჩევნო პროცესზე, ასევე კენჭისყრის დღეზე და ამის შედეგად რაიმე დასკვნის დადება. ამის გამო წუხილს გამოთქვამს ეუთო/ოდირი. ასეთი რამ ჩვენ გვინახავს ბელარუსშიც, გვინახავს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ეუთო/ოდირისთვის პრაქტიკა არ არის.

„2006 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ჩატარებულ ყველა ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისია სრულფასოვნად იყო წარმოდგენილი. ახლა ველოდებით იმას, რისი პროგნოზიც გავაკეთეთ, რომ ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა მოლაპარაკე თავები არჩამოსვლას ისევ ეუთო/ოდირს დააბრალებენ და ანტიდასავლური რიტორიკის წახალისებით იქნებიან დაკავებულები. სინამდვილეში, ეს იყო მოწვევა მოწვევისთვის, რომ საზოგადოებას თავიანთი პროპაგანდა შესთავაზონ, თითქოს დასავლეთმა უარი უთხრა 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაზე“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.