ლევან მახაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მახაშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ბულგარეთის ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, საქართველოში მიმდინარე და რეგიონში განვითარებული მოვლენები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში „შუა დერეფნის“ როლის მნიშვნელობას, რაც გააძლიერებს შავი ზღვის დაკავშირებადობას და ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ათეულში შედის, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩამონათვალში ბულგარეთმა 2025 წლის პირველ ნახევარში პირველი ადგილი დაიკავა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე საპარლამენტო თანამშრომლობას, მათ შორის, საკომიტეტო და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

ვესელინ ვალკანოვმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერა გამოხატა.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.