1747980527
ევროპულ ქვეყნებში რაც დემოკრატიისთვის სარგებლის მომტანია, არ შეიძლება, საქართველოში კონტრპროდუქტიული იყოს, მოუსმინონ ბერსეს განცხადებას და გაიაზრონ, რომ სიმართლე ერთია - დავით მათიკაშვილი

ევროპულ ქვეყნებში რაც დემოკრატიისთვის სარგებლის მომტანია, არ შეიძლება, საქართველოში კონტრპროდუქტიული იყოს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეც ამას ამბობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტი არსებობდეს.
„დროა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას მოუსმინონ და კარგად გაიაზრონ, რომ სიმართლე ერთია. არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტი არსებობდეს და ორი-სამი სიმართლე იყოს. სიმართლე ერთია, რაც დემოკრატიისთვის სარგებლის მომტანია ევროპულ ქვეყნებში, არ შეიძლება, ის საქართველოში კონტრპროდუქტიული იყოს და გენერალური მდივანიც ამას ამბობს. ერთი მიდგომა უნდა იყოს სხვა საკითხებზეც, მათ შორის უკრაინის ომზე, ოჯახური ღირებულებების კანონზეც. ის, რისი მოსმენაც ვაშინგტონიდან ევრობიუროკრატებს არ აღელვებთ და არ აშფოთებთ, საქართველოდან იმავეს მოსმენა ანალოგიურად უნდა ხდებოდეს და „დიფ სთეითის“ უხილავი ხელი არ უნდა ჩანდეს, რომელიც საქართველოს მიმართ ისევ ნეგატიურია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ „ევრონიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ „უცხოური გავლენის შესახებ კანონები ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა შემოწმდეს, რაც მიუღებელია საქართველოში ან უნგრეთში, ასეთნაირად უნდა შეფასდეს გერმანიასა და რუმინეთშიც“.