ეროვნული ბანკი: ოქტომბერში წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასებმა იმოქმედა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ – 5.2%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.6% შეადგინა. ეროვნული ბანკის განმარტებით, წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. ოქტომბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.9 პროცენტული პუნქტი იყო. სებ-ის ცნობით, გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო და აქედან გამომდინარე, წელს სურსათის ინფლაციის ზრდა ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება. ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულზე ფასების მატება, ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდის.

„სურსათის ფასებს სეზონურობის და კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო დიდი მერყეობა ახასიათებს. საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათის წონა დიდია – 31.7%-ი და, შესაბამისად, სურსათის ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია. ოქტომბერში საბაზო ინფლაციამ 2.4% შეადგინა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესაფასებლად“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, სებ-ის ცნობით, ოქტომბერში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში ყველაზე გამოსარჩევი პურის 4.5%-ით გაძვირებაა, რის გამოც თვის ინფლაცია 0.21 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მეორე მხრივ, ვაშლის 18.2%-ით გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.13 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

„წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 11.7%-ით გაძვირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3.9 პროცენტული პუნქტი შეადგენდა. აქედან პურის წვლილი 0.8 პროცენტული პუნქტია. შოკოლადის, ზეთის და ყველის გაძვირებაზე, ჯამში, დამატებით 1.0 პროცენტული პუნქტი მოდიოდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 8.9%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.7-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახადი მოქმედებდა“,- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ოქტომბერში 2.5%-ს გაუტოლდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.