ეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობოს გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები

ეკა სეფაშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი საქართველოში არსებულ ვითარებას სათანადოდ არ იცნობს და გადაწყვეტილებებს ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე იღებს. „როდესაც აღქმები ცრუ ნარატივზეა დაფუძნებული, ისინი ძალიან მალე ქარწყლდება,“ — აღნიშნა მან და განმარტა, რომ არასწორ აღქმებზე დაფუძნებული რეზოლუციების გამო ევროპარლამენტმა სანდოობა დაკარგა.

„ევრობიუროკრატები აბსოლუტურად არ იცნობენ ვითარებას საქართველოში და რასაც ეუბნებიან, ბრმად ასრულებენ. სწორედ ასეთი მორჩილი ხალხი სჭირდება ევრობიუროკრატიას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ერთხმად და უყოყმანოდ შესრულდეს. გავიხსენებ ერთ მომენტს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იყო ჩამოსული და მათთან შეხვედრები გვქონდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. პოლიტპატიმრებს, რომლებიც სინამდვილეში პოლიტპატიმრები კი არ არიან, არამედ კონკრეტული დანაშაულისთვის არიან მსჯავრდადებულები — როგორიც არის ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, სახელმწიფო თუ კერძო ქონების დაზიანება და სხვა. ისინი ამის გამო არიან დაკავებულები და არა იმიტომ, რომ პროტესტი გამოხატეს. ევრობიუროკრატები ვერ გვეუბნებიან კონკრეტულად, რომელიმე ადამიანზე, რომ პოლიტპატიმარია, რადგან ყველა შემთხვევაში, როდესაც ვინმე მსჯავრდადებულია ან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, საქმე ეხება კონკრეტულ დანაშაულს. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ დანაშაულების დამტკიცების პროცესში რაიმე მცირე გადაცდომას ვინმე გვაპატიებს, ამიტომ პროცედურები ძალიან მაღალი ხარისხით მიმდინარეობს. ამ შეხვედრაზე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში იმიტომ კი არ იჯდა, რომ რაიმე პოლიტიკურ დევნას განიცდიდა, არამედ იმიტომ, რომ გირაო არ გადაიხადა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები. ნამდვილად არ იცოდნენ. რომ იტყვიან ხმა ჩაუვარდათო, პირდაპირი მნიშვნელობით დავინახე ეს, როდესაც გაიგეს, რომ გირაოს გადაუხდელობის გამო იყო ციხეში და ამ ადამიანის გამო ასეთი ამბავი ატყდა ევროპარლამენტში. როგორ დაკარგა ერთ დროს მაღალი რეპუტაცია და სანდოობა ევროპარლამენტმა, რომ ასეთ აბსურდულ ბრალდებებზე ხურდავდება.

სხვათა შორის, ამ საკითხზე პრობლემები მათ საკუთარ ამომრჩევლებთანაც აქვთ. იმდენჯერ დამარცხდნენ ევრობიუროკრატები ამ ცრუ ნარატივში, რომ კონსერვატიული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოძრაობები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თანდათან ფეხს იკიდებს და ძლიერდება. ამავე საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე მათ განაცხადეს, რომ მხოლოდ მათი აღქმების საფუძველზე ითქვა, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს. რეალობა კი ისაა, რომ როდესაც ასეთი აღქმები ცრუ ნარატივზეა დაფუძნებული, ისინი ძალიან მალე ქარწყლდება. მახსოვს, როდესაც ევროპარლამენტმა მსგავსი უსამართლო რეზოლუცია პირველად მიიღო, საკმაო დრო დაგვჭირდა — დაახლოებით ორი-სამი კვირა, რომ ეს ცრუ აღქმა გაგვებათილებინა. ახლა კი ორ-სამ დღეში ყველამ ყველაფერი იცის,“ — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.