ტრამპი: ეროვნული გვარდია ლოს-ანჯელესში მანამდე დარჩება, სანამ ვითარება უსაფრთხო არ გახდება
1749625511
"მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში, საქართველო ეკონომიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ვეღარ იბრძოლებს მხოლოდ შეღავათიანი საგადასახადო პირობებით. საჭიროა, შევქმნათ სამართლებრივი გარემო და ბიზნესგარემო, რომელიც იმავე სიჩქარით ვითარდება, როგორც ტექნოლოგიები, და ისეთი პირობები, რომლებიც ინვესტორსაც და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალსაც დაარწმუნებს, რომ საქართველო არის სწორი არჩევანი“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან საქართველოს პარლამენტს ინიციატივით მიმართა, რათა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შევიდეს.
მისი განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი და ახალი სიტყვა, რომელიც ერთდროულად ემსახურება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, საგადასახადო სისტემის ეფექტიანობას და რეგიონულ და საერთაშორისო ჭრილში პოზიციონირების გაძლიერებას.
როგორც ვახტანგ თურნავამ განმარტა, კანონპროექტი ადგენს სპეციალურ ბინადრობის ნებართვას IT სექტორის პროფესიონალებისთვის.
"ეს უზრუნველყოფს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლების სტაბილურ ყოფნას ქვეყანაში. საშუალებას მისცემს მცირე მეწარმეებად დარეგისტრირებულ უცხოელ სპეციალისტებს დარჩნენ და საქმიანობა განახორციელონ საქართველოში გრძელვადიანად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - IT სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზრდება საშემოსავლო გადასახადის შემოსავალი“, - განაცხადა ვახტანგ თურნავამ.
მისივე განმარტებით, პირდაპირი ფინანსური შემოსავლების ზრდის გარდა, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს მოხმარდება, მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტების საქართველოში მოზიდვა ხელს შეუწყობს მათ მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ჩვენი ახალგაზრდების, სტუდენტების, დამწყები პროფესიონალებისთვის.
ვახტანგ თურნავამ საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აცნობიერებს გლობალური ციფრული ეკონომიკის როლს და დგამს მკაფიო პოლიტიკურ და საკანონმდებლო ნაბიჯებს.
"ჩვენ გელოდებით საქართველოში არა როგორც ტურისტებს, არამედ როგორც პარტნიორებს - ინოვაციის ზრდისა და განვითარების გზაზე“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, ეს არ არის მორიგი საკანონმდებლო ცვლილება, არამედ, ეს არის გზავნილი, რომ საქართველო აირჩევს ინტელექტს, ინოვაციას და ინტეგრაციას.
"დღეს ჩვენ ვწერთ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების ახალ ისტორიას“, - განაცხადა ვახტანგ თურნავამ.