"ჩორჩანას ეპიზოდი არის მოცემულობა, სადაც გიორგი გახარია საკუთარ ტყუილებში გაიბლანდა" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

რა მიზანს ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნა - ჩორჩანას ეპიზოდს გენერალური პროკურატურა სწავლობს. საუბარია, 2019 წელს, გიორგი გახარიას ბრძანებაზე, რომლის თანახმად ჩორჩანას საგუშაგო გაიხსნა.

გახარიას ამ გადაწყვეტილება მმართველი გუნდი პროვოკაციულ მოცემულობაში გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ, ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო, ყოფილმა პრემიერმა და შსს-ს ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს.

ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ თავად ექსპრემიერის გუნდში. ჩორჩანას ეპიზოდს იძიებს საგამოძიებო კომისიაც. კანონმდებლებმა თავად გახარია ამ თემაზე უკვე გამომკითხეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

"ჩორჩანას ეპიზოდი არის მოცემულობა, სადაც გიორგი გახარია საკუთარ ტყუილებში გაიბლანდა. ის, რასაც აცხადებდა საგამოძიებო კომისიაზე საჯაროდ, არის ტყუილი და ამ ტყუილზე მას იქვე მიუთითეს, თითქოს არანაირი წინსვლა საოკუპაციო ძალებს არ ჰქონდა. ეს იყო პროვოკაციულ მოცემულობაში გადადგმული მძიმე ნაბიჯი, რომელსაც, შეიძლება, მეტად მძიმე შედეგები მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის.

100 ჰექტარი ტყე გადმოიწია იმ მიზეზით, რომ იქ არ არსებობდა საგუშაგო და ეს საგუშაგო შეიქმნა. ვითომ, ამ საგუშაგოს დანიშნულება ჩვენი ტერიტორიის დაცვა იყო. აბსოლუტურად, საპირისპირო შედეგი იქნა მიღებული.

ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ადამიანმა, ვინც გასცა კონკრეტული ბრძანება ამ საგუშაგოს გახსნის. ამის შესახებ იმ დროს მოქმედმა კონკრეტულმა თანამდებობის პირებმაც ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმაც განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ამ საკითხთან მიმართებით პასუხისმგებლობას, ისევე, როგორც სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ვერავინ გაექცევა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.