ბერდია სიჭინავა: მნიშვნელოვანი არ არის, „ნაცმოძრაობა“ რა განცხადებებს გააკეთებს, ბოიკოტის რა კამპანიაში ჩაერთვება, არ ვფიქრობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის პროტესტთან

ბერდია სიჭინავა

მნიშვნელოვანი არ არის, „ნაცმოძრაობა“ რა განცხადებებს გააკეთებს, ბოიკოტის რა კამპანიაში ჩაერთვება, არ ვფიქრობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის პროტესტთან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კრიტიკაზე დაუსვეს კითხვა.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის საერთოდ უმნიშვნელოა. არასდროს მიგვიღია გადაწყვეტილებები ემოციური განცხადებების ფონზე, ემოციური გადაწყვეტილებები. პოლიტიკა არის ცივი გონებით გადასაწყვეტი საკითხების ადგილი, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის პრაგმატულ თანამშრომლობას ვანიჭებთ უპირატესობას. ამიტომ მნიშვნელოვანი არ არის, „ნაცმოძრაობა“ რა განცხადებებს გააკეთებს, ბოიკოტის რა კამპანიაში ჩაერთვება, „ოცნებასავით“ „ტიტუშკების“ რაზმს გამოყოფს არჩევნების ჩასაშლელად თუ ასე შემდეგ. ჩვენ არ ვიქნებით არც მოპასუხის რეჟიმში ამ პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან არ ვფიქრობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა რაიმე ფორმით წინააღმდეგობაში მოდის პროტესტთან. პირიქით, რამე თუ სჭირდება პროტესტს დღეს, ეს არის პროტესტის გაფართოება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.