ამინდი მკვეთრად იცვლება - ნახეთ განახლებული პროგნოზი
1746699950
აშშ-ში არაფორმალური მმართველობის შესუსტება პირდაპირპროპორციულად აისახება ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის პოზიცია და არა ცალკეული კონგრესმენის დამოკიდებულება. კონგრესმენები, რომლებიც USAID-გან ელოდებიან სტრატეგიას საქართველოზე, თაღლითი ორგანიზაციისგან, ანუ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფასებს თაღლითად ამ ორგანიზაციას, ხურავს და ჯო უილსონი ამბობს, რომ მან უნდა დაწეროს სტრატეგიები საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ერთი. მეორე – ჯო უილსონი, რომელიც წელს იანვარში ლორა თორნტონთან ერთად მართავდა ერთობლივ ღონისძიებას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ის ლორა თორნტონია „მაკკეინის ინსტიტუტიდან“, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს და მასთან ერთად ერთობლივ ღონისძიებებს აწყობს. ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ კონგრესმენი უილსონი არის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, მეორე მხრივ – მისი ნაბიჯები აბსოლუტურად არის ტრამპის საწინააღმდეგო. ის მხარს უჭერს USAID-ს, რომელსაც ტრამპი ხურავს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა, პირობა მისცეს მოსახლეობას, რომ ტრამპი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ.
პაპუაშვილის თქმით, არაფორმალურ მმართველობასთან მიმდინარე ბრძოლა, რომელიც ტრამპმა გამოაცხადა არის ისეთ ფაზაში, რომ ზოგიერთი მოსამართლე, რომელსაც ისინი კორუმპირებულ მოსამართლედ მოიხსენიებენ აშშ-ში, ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ახალი ადმინისტრაცია იღებს.
„ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე და საკუთარი ხალხის წინაშე ვალდებულია, მისი ინტერესებით იმოქმედოს. ევროკომისიის პრესმდივნის გამოხმაურებაც ამის ძალიან კარგი ლუსტრაცია. რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ არაფორმალურ მმართველობასთან მიმდინარე ბრძოლა, რომელიც ტრამპმა გამოაცხადა, არის ისეთ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვხედავთ. თავად ტრამპი, მაგალითად, უკმაყოფილოა, რომ ზოგიერთი მოსამართლე, რომელსაც კორუმპირებულ მოსამართლედ მოიხსენიებენ აშშ-ში, ბლოკავს ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს. ეს არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომელიც ტრამპმა გამოუცხადა ოლიგარქიულ, არაფორმალურ მმართველობას, ე.წ. დიფ სთეითს. საქართველო ამ მხრივ არის ძალიან კარგი ტესტი, იმის ლაკმუსის ქაღალდი, რომ ვნახოთ, რამდენად შესუსტდება არაფორმალური მმართველობა აშშ-ში. პირდაპირპროპორციულად ეს შესუსტება არაფორმალური მმართველობისა აისახება ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ასე ვუყურებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს გეგმებს არ ვაწყობთ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე. ეს გვასწავლა მათ შორის ბოლო სამმა წელმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.