1745955590
არსებობს მზაობა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რომ ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო შეხვედრა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან გამართა.
იქამდე, მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის სახლში მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და მრავალწლიან ურთიერთობებზე ისაუბრეს.
„არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება.
მანამდე აზერბაიჯანში ვბრძანდებოდი და იქაც ანალოგიური განწყობაა. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს სამმხრივი ფორმატი, სადაც ვმონაწილეობთ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც მიმდინარეობს საუბრები. ყველაზე გამოკვეთილი თემა, რა თქმა უნდა, არის სამშვიდობო პოლიტიკა. იცით ალბათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებული მოლაპარაკება, ყველასთვის ნათელია, რომ ყველა ელოდება ხელმოწერას, რომ ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დაისადგურებს.
ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. შემდეგ ენერგეტიკული თემა, ტურიზმი, კულტურული თემები, ეს ყველაფერი მოსდევს პოლიტიკურ სიმყარეს და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არის პოზიტიური.
მიმაჩნია, რომ იქნება წარმატებული იმიტომ, რომ ვხედავ მზაობას ამ ქვეყნის ლიდერების. რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში არის ცნობილი, რომ ეს არის მშვიდობის გრძელვადიანი პროცესი, მას ალტერნატივა არ აქვს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი დასრულდა.