1749577630
ადგილობრივ არჩვენებთან დაკავშირებით პოზიციის ცვლილებას არ ვაპირებთ, ვისაც შესვლა უნდა, შევიდეს, მაგრამ მოუწევთ ორმხრივ ქარცეცხლში გავლა, ენის მოჩლექა არ იქნება - ლევან სანიკიძე

ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ. პოზიციის ცვლილებას არ ვაპირებთ. რის გამო უნდა შევცვალოთ პოზიცია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ უნიკალური გეგმა? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძის თქმით, როდესაც პოლიტპატიმრები ციხეში არიან, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება, ცესკო იმაზე უარესია, ვიდრე იყო, არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული.
„როცა არალეგიტიმური ხელისუფლებაა, პარლამენტში აღარ ვართ, ხუთასზე მეტი ადამიანი არის ბოლო თვეების განმავლობაში უმძიმესი დაზიანების ქვეშ, ხელისუფლება არის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული, „მაგნიტსკის სიაში“ ხვდებიან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, რა მაქვს სადებატო? ამდენი ხანია, ამბობენ, რომ გავხსნათ დისკუსია. გახსნეს, მაგრამ ერთ ეთერში, არ შეიძლება, ორი სხვადასხვა მოსაზრების პოლიტიკური ორგანიზაცია მოხვდეს? ჯერ ვერ ვახერხებთ. „ლელო“ უარს ამბობს ნებისმიერი ფორმატის საჯარო დისკუსიაზე. ჩვენ საზოგადოებრივ აზრს ვცემთ პატივს და შეუძლებლად მიგვაჩნია, რომ „ლელომ“ ეს გადალახოს, მოუწევს საკუთარი ელექტორატის ძალიან დიდ ნაწილზე უარის თქმა. მიმაჩნია, რომ ეს ცალსახად არაკეთილსინდისიერი პოზიცია იყო თავიდანვე. აღმოჩნდა, რომ თურმე შესვლა უნდათ. შევიდნენ, ვნახავთ, რას იზამენ. არათანმიმდევრულობა არის ეს. არ მემეტება ეს ძალა ამისთვის, მაგრამ მოუწევთ ორმხრივ ქარცეცხლში გავლა „ქართული ოცნებისგანაც“ და ჩვენი მხრიდანაც. ენის მოჩლექა არ იქნება არცერთ ვითარებაში, რადგან ეს მგონია ცალსახად ივანიშვილის თამაში, რომელიც ემსახურება იმავე მიზანს, რაც თავის დროზე ნებსით თუ უნებლიეთ იყო გაცხადებული ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ბიზნესმენების სანქცირებისთვის გვერდის არიდებასთან დაკავშირებით. რაც მამუკა ხაზარაძემ თქვა, ისე არ აღმოჩნდეს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ამ საერთაშორისო წნეხის მოხსნა მოხდეს „ლელოს“ არჩევნებში შეგრიალებით“, – განაცხადა სანიკიძემ.