2009 წელს პოლიციის შენობასთან აქციაზე ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო, მერე გონებას ვკარგავ, ხელკეტით მძიმე დაზიანებები მივიღე - ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

2009 წელს პოლიციის შენობასთან აქციაზე ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო, მერე გონებას ვკარგავ, ხელკეტით მძიმე დაზიანებები მივიღე არა მხოლოდ სახის არეში, სხეულის სხვა მიდამოებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2009-2010 წლებში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, დაახლოებით სამი ადამიანი ხელკეტით იყო შეიარაღებული, ასევე აღნიშნა, რომ მათგან ვერავის ამოიცნობს, რადგან ნიღბებით იყვნენ.

„გამოვარდნენ და აშკარად იგრძნობოდა, რომ ესენი არ არიან მოსული იმიტომ, რომ მშვიდობიანად დაგვშალონ. ეს იყო სრული დარბევა. შევშფოთდი და რამდენიმესთან მივედი, ვუთხარი, რას აკეთებთ, რას ვაშავებთ-მეთქი. ხმა მომესმა, ეს აბაშიძეა და აუცილებლად უნდა გავუსწორდეთო. მერე უკვე გონებას ვკარგავ. ხელკეტით მძიმე დაზიანებებს არა მხოლოდ სახის არეში ვიღებ, არამედ სხეულის სხვა მიდამოებში. გონზე როდესაც მოვდივარ, მაგ დროს ვარ მანქანაში და მივდივართ საავადმყოფოში. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ვკარგავ გონებას. საავადმყოფოში უკვე ვსაუბრობ მედიის წარმომადგენლებთან. დაახლოებით სამი ადამიანი მირტყამდა ხელკეტით. დავეცი. რამდენიმე დარტყმა ერთდროულად მივიღე, სახის არეშიც და წელის არეშიც. დაბეჟილობები და დაზიანებები მქონდა. ხელკეტით შეიარაღებული ადამიანები იყვნენ ნიღბებით. პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვერავის ამოვიცნობ, იდენტიფიკაციას ვერ მოვახდენ, რადგან სახეზე არავინ მინახავს.

2013 წელს, როგორც მახსოვს, პროკურატურამ დამკითხა. იქ კადრებიც ამოიღეს და მაჩვენეს ეს კადრები. მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იქ იყო. იმ პერიოდის მინისტრი არ ჩანს, მაგრამ რამდენიმე მოადგილე, თუ არ ვცდები, ჩანს. ისინი იყვნენ ჭიშკართან, სამმართველოს ეზოში. მოადგილე მაშინ იყო ლორთქიფანიძე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ დეტალურად ისაუბრა, კონკრეტულად რა ტიპის დაზიანებები მიიღო.

„მქონდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მრავლობითი დაბეჟილობები, ჩამიმტვრიეს კბილები, თავში მირტყეს და მქონდა ტვინის შერყევა. დიდი ხანი დამჭირდა რეაბილიტაცია“, – აღნიშნა აბაშიძემ.

თეა წულუკიანის კითხვაზე, „სამედიცინო საბუთებში ეს დაზიანებები ჩაიწერა, თუ რაღაც შეალამაზეს?“, აბაშიძემ აღნიშნა, რომ „მაქსიმალურად ეცადნენ, მსუბუქი დაზიანებები ჩაეწერათ“.

„აღარც მიმიქცევია ყურადღება, აზრი არ ჰქონდა. მე ჩავატარე ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც პროკურატურაში საქმის მასალებში არის“, – განაცხადა აბაშიძემ.