1751653161
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის მიერ გაშვებული 11 რაკეტიდან მხოლოდ ორი რაკეტის მოგერიება შეძლო - უკრაინული მედია

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის მიერ გაშვებული 11 რაკეტიდან მხოლოდ ორი რაკეტის მოგერიება შეძლო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ რუსეთის ლიპეცკის ოლქის საჰაერო სივრცის მხრიდან ერთი აერობალისტური რაკეტა Х-47 М2 „კინჟალი“ გამოიყენა, ასევე ექვსი „ისკანდერ-M/KN-23“-ის ბალისტიკური რაკეტა რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან გაუშვა და ოთხი „ისკანდერ-K“-ის ფრთოსანი რაკეტა – რუსეთის კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან. რუსეთის საჰაერო დარტყმები მოხდა რვა ადგილზე (ცხრა რაკეტა და 63 უპილოტო საფრენი აპარატი), ასევე ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავების ნამსხვრევები ჩამოცვივდა 33 ადგილზე.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა 330-ზე მეტი შეტევითი „შაჰედი“ გაუშვა, რაც ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც რუსეთმა ერთ შეტევაში გამოიყენა.
4 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა დაიწყო რაკეტებითა და უპილოტო აპარატებით, ძირითადი დარტყმა კიევსა და კიევის ოლქს მიაყენეს. უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 23 დაშავებულის შესახებ ინფორმაცია უკვე ცნობილია. მათგან 14 საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენებმა კი ამბულატორიული ან ადგილობრივი მკურნალობა ადგილზე გაიარეს. დაშავებულებს შორის 10 წლის გოგონაა.