სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1747394333
უკრაინამ იარაღის შესყიდვის წინასწარი გადახდებიდან 770 მილიონი დოლარი დაკარგა, – ამის შესახებ ნათქვამია „ფაინენშელ თაიმსის“ საგამოძიებო სტატიაში.
პუბლიკაციის მიხედვით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ უცხოელ შუამავლებს დაახლოებით 770 მილიონი დოლარი წინასწარ გადაუხადა იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის, რომლებიც უკრაინისთვის არ მიუწოდებიათ.
გაზეთმა მოიძია ინფორმაცია 30 პრობლემური კონტრაქტის შესახებ. სტატიაში ორი მათგანი დეტალურად არის აღწერილი.
სტატიაში ნათქვამია, რომ ერთის შემთხვევაში სპეციალურმა საიმპორტო კომპანიამ, „პროგრესმა“ კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ საბრძოლო მასალის მაღაზიასთან, OTL Imports from Arizona. მისი დამფუძნებელი, 28 წლის მეწარმე ტანერ კუკი „პროგრესის“ წარმომადგენლებს სხვა ბიზნესმენმა გააცნო, რომელიც 2009 წელს სახელმწიფო საწარმოს ერაყთან მნიშვნელოვანი შეთანხმების ორგანიზებაში ეხმარებოდა. ტანერ კუკის თქმით, მას შეეძლო, ნაღმმტყორცნების, ჭურვებისა და ნაღმების შემოტანა სერბეთში არსებული მწარმოებლისგან. სტატიის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში უკრაინამ მას 17.1 მილიონი ევროს ოდენობის ავანსი (ხელშეკრულების თანხის 35%) გადაუხადა, თუმცა საბრძოლო მასალა არ მიუღია. კონტრაქტი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სისხლის სამართლის საქმის საგანი გახდა, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს, თუ სად წავიდა კომპანიისთვის გადახდილი თანხა.
„პროგრესმა“ ვენაში OTL-ის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა მოიგო. გადაწყვეტილება ითვალისწინებს კომპანიისგან 21.3 მილიონი ევროს ამოღებას, რაც მოიცავს წინასწარ გადახდას, ასევე სასამართლო ხარჯებს, პროცენტს და ჯარიმებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ამჟამად ცდილობს, უზრუნველყოს ამ არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღიარება შეერთებულ შტატებში. გამოცემის თანახმად, უკრაინული კონტრაქტის წყალობით, ტანერ კუკმა ბიზნესის გაფართოება და იარაღის საერთაშორისო გამოფენებზე მოგზაურობა დაიწყო.
კიდევ ერთი წარუმატებელი კონტრაქტი დაიდო ამერიკულ „რეგულუს გლობალთან“, რომელიც Merrill Lynch-ის ყოფილმა ბროკერმა, უილ სომერინდაიკმა 2012 წელს დააარსა. კომპანია ძველი იარაღის მარაგების მოძიებითა და შეძენით არის დაკავებული. 2022 წლის ბოლოს „რეგულუს გლობალმა“ მიმართა უკრაინის სახელმწიფოს საწარმოს, „სპეცტექნოექსპორტს“ და შესთავაზა ათიათასობით 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის გაყიდვა.
შეთავაზება განსაკუთრებით ღირებული იყო, რადგან საბრძოლო მასალა რუსეთთან მჭიდრო კავშირების მქონე ქვეყნის მწარმოებლისგან უნდა შემოსულიყო. ხელი მოეწერა 1,7 მილიარდ დოლარამდე ღირებულების კონტრაქტს (ზუსტი თანხა დამოკიდებული იყო მიწოდების მოცულობაზე). „სპეცტექნოექსპორტმა“ კონტრაქტის ნაწილის შესასრულებლად „რეგულუსს“ ავანსებისა და დეპოზიტების სახით 162,6 მილიონი დოლარი გადაუხადა, ასევე განახორციელა სხვა გადახდებიც, რომელთა ჯამური ოდენობა 14 მილიონი ევრო იყო.
თუმცა, „სპეცტექნოექსპორტის“ ცნობით, „რეგულუსმა“ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და თანხა არ დააბრუნა. 2024 წლის სექტემბრიდან „რეგულუსმა“ შეწყვიტა ყველანაირი კონტაქტი და ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა. უკრაინელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ „რეგულუსმა“ წინასწარი გადახდა საწარმოო ობიექტებსა და სხვა აქტივებზე დახარჯა.
„სპეცტექნოექსპორტი“ სასამართლოს მეშვეობით ცდილობს თავისი თანხების დაბრუნებას. ლონდონში მისი არბიტრაჟის სარჩელი „რეგულუსისგან“ 346 მილიონი დოლარის ამოღებას ისახავს მიზნად, მათ შორის წინასწარ გადახდილი თანხის, ასევე დავალიანებისა და ჯარიმების ჩათვლით.
„რეგულუსში“ კატეგორიულად უარყოფენ ამ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ სწორედ „სპეცტექნოექსპორტმა“ ვერ შეასრულა კონტრაქტის პირობები და დაახლოებით 350 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდა.