ზელენსკი აცხადებს, რომ დაზვერვამ მიიღო დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთი ემზადება ახალი დარტყმებისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ მიიღო დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ახალი სარაკეტო და დრონებით დარტყმების მომზადებაზე, მათ შორის ე.წ. გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, საგარეო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა მიიღეს დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს უკრაინის წინააღმდეგ რუსების ახალი სარაკეტო და დრონებით დარტყმების მომზადებაზე, მათ შორის ე.წ. გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათ შორის თითქმის ორი ათეული პოლიტიკური ცენტრი და სამხედრო პუნქტია“,  – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელსაც თან ერთვის თანამგზავრული გამოსახულებები.  მედიის ცნობით, როგორც ჩანს, ისინი სამხედრო დაზვერვამ რუსეთის სამხედრო უწყებებიდან მოიპოვა.

სურათებზე აღნიშნულია რამდენიმე ობიექტის კოორდინატები და მონაცემები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის რეზიდენცია (სახელმწიფო აგარაკი) და კიევის ცენტრში არსებული მიწისქვეშა დაცული სივრცეები. სურათები 6 მაისით არის დათარიღებული.

ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი.

„რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, შეთანხმდეს ღირსეულ მშვიდობაზე და არა იმაზე, რომ დააშინოს უკრაინა“, – წერს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის კიდევ მეტად ჩართვას ცდილობს. მისივე თქმით, თავდაცვის ძალებს უკვე დაავალა, რეაგირების გეგმა მოამზადონ.

„ჩვენ ვიცით, რომ დამატებითი კონტაქტები შედგა რუსებსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის, რომლის მიზანიც არის დარწმუნება, რომ შეუერთდეს რუსეთის ახალ აგრესიულ ოპერაციებს. კერძოდ, რუსეთი განიხილავს ოპერაციების გეგმებს სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებით, ბელარუსის ტერიტორიიდან, ან ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით უკრაინის, ან ერთ-ერთი ნატო-ს ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან“,  – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ფლობს რუსეთსა და ბელარუსს შორის საუბრის დეტალებს. მისივე თქმით, დაიცავს საკუთარ ხალხს, თუ ლუკაშენკო გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს კრემლის ამ გეგმებს.