1749744057
ვნანობ ზოგიერთ პოსტს დონალდ ტრამპის შესახებ, ძალიან ზედმეტი იყო - მასკი

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ დაწერილ ზოგიერთ პოსტს ნანობს. როგორც მასკი სოციალურ ქსელში წერს, პოსტები ძალიან ზედმეტი იყო.
„ვნანობ ჩემს ზოგიერთ პოსტს დონალდ ტრამპის შესახებ, რომლებიც გასულ კვირას დავწერე. ისინი ძალიან ზედმეტი იყო” – წერს მასკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროში და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. ის ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას.
მასკმა აღნიშნულ კანონპროექტს „საზიზღარი სისაძაგლე“ უწოდა და თქვა, რომ ის ქვეყანას „დამანგრეველი ვალებით“ დატვირთავს. ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ თვეში დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ამასთან, მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სახელი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპსტეინის საქმის მასალებში ფიგურირებს, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტები არ საჯაროვდება.