ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთში ვიზიტისას ტაივანთან დაკავშირებით არავითარი ვალდებულება არ აუღია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის დროს ტაივანთან დაკავშირებით არავითარი ვალდებულება არ აუღია.

„ის ძალიან მტკიცეა ტაივანის საკითხთან დაკავშირებით. არც ერთი და არც მეორე მხრივ, არანაირი დაპირება არ მიმიცია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ჩინეთიდან დაბრუნებისას Air Force One-ის ბორტზე.

კითხვაზე, მიანიშნა თუ არა სი ძინპინმა შეერთებულ შტატებთან ტაივანის გამო კონფლიქტის რისკის შესახებ, ტრამპმა უპასუხა:

„მე არ ვფიქრობ, რომ კონფლიქტი არსებობს, გარდა იმისა, რომ ჩვენ არ გვჭირდება მათი ძალა, ჩვენ არ გვჭირდება ტაივანი“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ტაივანისთვის აშშ-ის მიერ იარაღის მომავალში მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის საბოლოოდ მიღებული.

„მე მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით ჩინეთის ოფიციალური ოქმის თანახმად, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ ტაივანის საკითხის არასწორად გადაწყვეტამ შეიძლება, ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.

ტრამპი ასევე აცხადებს, რომ განიხილავს ირანული ნავთობის მყიდველი ჩინური კომპანიებისთვის სანქციების მოხსნას.

„გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპმა დასძინა, რომ მისი აზრით, სი ძინპინს ჰორმუზის სრუტის გახსნა სურს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ტარიფები არ განუხილავთ.

„ჩვენ ტარიფებზე არ გვისაუბრია. მე ვგულისხმობ, რომ ისინი ტარიფებს იხდიან. ისინი მნიშვნელოვან ტარიფებს იხდიან, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია“, – განაცხადა ტრამპმა.