ტრამპი: აშშ-მა ირანში 7,000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა

დონალდ ტრამპი

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე ირანში საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკულმა სამხედრო კამპანიამ ბოლო დღეების განმავლობაში „სრული ძალით იმოქმედა“.

პრეზიდენტის თქმით, ირანის სამხედრო პოტენციალს გამანადგურებელი დარტყმა მიადგა.

„მათი სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ არსებობს, სამხედრო-საზღვაო ფლოტი განადგურებულია, უამრავი გემი ჩაიძირა“, - აღნიშნა ტრამპმა.

„აღარ აქვთ რადარები, აღარ ჰყავთ ლიდერები... სხვა მხრივ, საქმეები საკმაოდ კარგად მისდით“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, აშშ-მა ირანის მასშტაბით 7,000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა; ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების მაჩვენებელი 90%-ით შემცირდა; დრონებით თავდასხმები 95%-ითაა შემცირებული; ბოლო კვირანახევრის განმავლობაში ჩაძირული ან განადგურებულია ირანის საზღვაო ფლოტის 100-ზე მეტი ხომალდი.

ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განადგურებულია 30-ზე მეტი ნაღმდამშენი გემი. მისი მტკიცებით, ირანის დრონების შესაძლებლობები „ნულს უახლოვდება“.