თეირანის მცხოვრებლები იძულებული იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის საფასური, დაცალონ თავიანთი სახლები იმ რაიონებში, სადაც აუცილებელი იქნება რეჟიმის სამიზნეებზე თავდასხმა - ისრაელ კაცი

ისრაელ კაცი

თეირანის მცხოვრებლები იძულებული იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის საფასური, დაცალონ თავიანთი სახლები იმ რაიონებში, სადაც აუცილებელი იქნება რეჟიმის სამიზნეებზე თავდასხმა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ისრაელ კაცმა განმართა თავისი წინა კომენტარი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ირანის თავდასხმისთვის თეირანის მცხოვრებლები საფასურს მალე გადაიხდიდნენ. მისივე თქმით, ისრაელს მოსახლეობაზე ზიანის მიყენების განზრახვა არ აქვს.

„მინდა განვმარტო ის, რაც ცხადია, არანაირი განზრახვა არ არის ფიზიკური ზიანი მივაყენოთ თეირანის მცხოვრებლებს, როგორც ამას მკვლელი დიქტატორი აკეთებს ისრაელის მცხოვრებლების წინააღმდეგ. თეირანის მცხოვრებლები იძულებულები იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის საფასური და დაცალონ თავიანთი სახლები იმ რაიონებში, სადაც აუცილებელი იქნება თეირანში რეჟიმის სამიზნეებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოსახლეობის დაცვას“, – წერს ისრაელ კაცი.

ბოლო ერთ დღეში ირანის სარაკეტო დარტყმებს ისრაელზე რვა ადამიანი ემსხვერპლა.