სერგეი ლავროვი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვმა ჩინეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ტიანძინში გაიმართა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

როგორც რუსული მედია წერს, სერგეი ლავროვმა სი ძინპინს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ზეპირი შეტყობინება გადასცა. თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა და პეკინმა მნიშვნელოვანი შეთანხმებების ეფექტურად განხორციელება უნდა განაგრძონ.

„რუსეთმა და ჩინეთმა უნდა დაიცვან ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები, მათ უნდა გააძლიერონ ურთიერთმხარდაჭერა და თანამშრომლობა ისეთ მრავალმხრივ ღონისძიებებზე, როგორიცაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“,-განაცხადა სი ძინპინმა.