საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, მარადიული ცეცხლიდან სიგარეტს მოუკიდა

საფრანგეთი

საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან, მარადიული ცეცხლიდან სიგარეტს მოუკიდა. შემთხვევამ საფრანგეთის საზოგადოება აღაშფოთა.
 
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს განცხადებით, მამაკაცმა აღიარა დანაშაული და სასამართლოს წინაშე წარსდგება.
 
„ეს უღირსი და მდაბიო საქციელი წარმოადგენს თავდასხმას მათზე, ვინც საფრანგეთისთვის დაიღუპა“, – წერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში. ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებული მამაკაცი წარმოშობით მოროკოდანაა. მას საფრანგეთში ბინადრობის უფლება აქვს, მამაკაცს კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, მათ შორის ის ეჭვმიტანილია მანქანის გატაცებაში, სხვისი ქონებისთვის ზიანის მიყენებასა და რასობრივი ნიშნით საჯარო შეურაცხყოფის მიყენებაში. მედიის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება დაკავებული მამაკაცისთვის საფრანგეთში ბინადრობის უფლების ჩამორთმევას გეგმავს.