რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის დაბომბვისას 7 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 70 დაშავდა

დნეპროპეტროვსკი

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 70 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ლისაკი წერს, დაშავებულებს შორის 10 მცირეწლოვანი ბავშვია. მისივე თქმით, ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.

გავრცელებული ცნობით, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 19 სკოლა, 10 საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებელი, გიმნაზია, ადმინისტრაციული შენობა, ქალაქის საავადმყოფო და პოლიკლინიკა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მატარებელი, რომელიც ოდესა-ზაპოროჟიეს მიმართულებით მოძრაობდა.

ამასთან, რუსეთის მიერ ქალაქ სამარის დაბომბვის შედეგად დაშავებულია 9 ადამიანი.