რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

რუმინეთი არჩევნები

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მეორე ტურში მონაწილეობენ ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერი ჯორჯე სიმიონი, რომელიც პირველ ტურში ხმების 40.94%-ით პირველ ადგილზე გავიდა, და დამოუკიდებელ კანდიდატი, ბუქარესტის ამჟამინდელი მერი ნიკუშორ დანი, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩეველთა 20.99%-მა დაუჭირა მხარი.

საარჩევნო უბნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო 21:00 საათზე დაიხურება. ამასთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუმინელებს პარასკევიდან აქვთ ხმის მიცემის შესაძლებლობა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კანდიდატებს დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოკითხვები არ ითვალისწინებდა დიასპორის ხმებს. ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დამოკიდებული იქნება ამომრჩეველთა აქტივობასა და საზღვარგარეთ მცხოვრებ რუმინელების ხმებზე.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.